ქუთაისი, მუსხელიშვილის N1ა | ტელ: (+995) 0431-29-54-81

რჩევები დედებს !

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდადაა დამოკიდებული მუცლად ყოფნის პერიოდის მიმდინარეობაზე. ორსულობის პერიოდში დედის ტოქსიკოზი დაბალი ჰემოგლობინი, სტრესები, არასწორი კვება, გადატანილი ვირუსული ინფექციები და ა.შ. აისახება ნაყოფის ჯანმრთელობაზე და ბევრი პრობლემა თავს იჩენს უკვე 3 თვემდე ასაკში. მათ დროულ აღმოჩენას და შესაბამისს მკურნალობას, ანუ მათზე დაკვირვებას, დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში ჯანმრთელი ბავშვის აღზრდისათვის.

პროფილაქტიკური აცრები იწყება სამშობიაროში, დაბადების პირველ დღეებშივე, და გრძელდება ორი თვის ასაკიდან, რეკომენდირებულია აცრის წინ პედიატრთან ვიზიტის დროს ბავშვს გაუკეთდეს სისხლის კლინიკური ანალიზი, გულის ექოსკოპია, თავზე ნეიროსონოგრაფია, ნევროპათოლოგის და საჭიროების შემთხვევაში კარდიოლოგის კონსულტაცია. ეს აუცილებელია გულის თანდაყოლილი მანკების და თავის ტვინში მუცლად ყოფნის პერიოდის ჰიპოქსიით (უჟანგბადობით) გამოწვეული ცვლილებების დადგენის მიზნით.

ახალშობილთა გახანგრძლივებული სიყვითლის შემთხვევაში, საჭიროა მუცლის ღრუს ექოსკოპია, საჭმლის მომნელებელი ორგანოების თანდაყოლილი სტიგმების გამორიცხვის მიზნით, დიდი ზომის ყიფლიბანდის და თავის ქალის ნაკერების შეუხორცებლობის შემთხვევაში საჭიროა სისხლში Ca (კალციუმის) განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დანიშვნა.

ორი თვის ასაკში აუცილებელია ორთოპედ–ტრავმატოლოგის კონსულტაცია–მენჯ–ბარძაყისსახსრის დისპლაზიის ან ამოვარდნილობის აღმოჩენის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში მენჯ–ბარძაყის სახსრების ულტრა ბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევები. მენჯ–ბარძაყის სახსრის დისპლაზია ხშირია ახალშობილებში, მისი დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში მკურნალობა პრობლემას არ წარმოადგენს, დაგვიანებულ შემთხვევაში კი საჭირო ხდება ბავშვის თასმებში ჩასმა, ან თაბაშირის ნახვევის დადება, რაც დისკონფორტს უქმნის ბავშვსაც ასევე დედასაც.

ახალშობილებში ხშირია თვალებიდან ცრემლდენა და გამონადენი, რაც საცრემლე არხის დახშობით შეიძლება იყოს გამოწვეული, თვალის ექიმთან, ოპთალმოლოგთან დროული ვიზიტით, მის მიერ დანიშნული მედიკამენტებითა და მასაჟით შეიძლება ბავშვს თავიდან ავაცილოთ საცრემლე არხის ოპერაციული გზით გახსნის უფრო რთული პროცედურა.

6 თვემდე ასაკში და შემდგომში წელიწადში ერთხელ ოფთალმოლოგთან ვიზიტი აუცილებელია ბავშვთან მხედველობის პრობლემების  თავიდან აცილების მიზნით, ვინაიდან არსებობს თანდაყოლილი და შემდგომ შეძენილი ისეთი პათოლოგიები, რომლებიც არასპეციალისტვისათვის შესაძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს და ეს ცუდად აისახოს ბავშვის მხედველობაზე.

6 თვის ასაკიდან ბავშვს წელიწადში 1–2ჯერ საჭიროა გაუკეთდეს ზოგადი მასაჟი. ვარჯიშები, საჭიროების შემთხვევაში ელექტროფორესი და აბაზანები ზღვის მარილით.

ძვირფასო მშობლებო!!! გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი რეკომენდაციები რათა თქვენი შვილები გაიზარდონ ჯანმრთელნი,  ჰარმონიულად განვითარებული ახალგაზრდები, რომლებიც ფიზიკურად და გონებრივად მომზადებული იქნებიან ცხოვრების ქარტეხილების შესაჭიდებლად.